პარტია "საქართველოს გზის" წარმომადგენელი ნათელა მაჭავარიანი თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების საკითხს დააყენებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი წვიმების შედეგად დედაქალაქის ქუჩებში შექმნილი მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერიას უნდა დაეკისროს.
"გლდანისა და ლილოს რაიონებში გუშინ დატბორილი ქუჩები იმის მანიშნებელი იყო, რომ თბილისი რეალურად მართული არ არის. ეს არ იყო მხოლოდ კლიმატური სიტუაცია, რომლის წინააღმდეგ რთულია რამის გაკეთება; ეს არის შედეგი რიგი პრობლემებისა, რომელიც სანიაღვრე სისტემისა და ჭების მოუწესრიგებლობას უკავშირდება. რაც გუშინ მოხდა, ცივილიზებულ ქალაქს არ ეკადრება", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
"საქართველოს გზის" ლიდერის შეფასებით, მსგავსი შედეგების მიზეზები საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა, რასაც მათი მხრიდან ასევე სათანადო ყურადღება დაეთმობა.
"საკრებულოში ბრძოლას ამ საკითხით დავიწყებთ და ვაფრთხილებთ ქალაქის ხელმძღვანელობას, ჩვენ ვართ იქ იმისთვის, რომ გაიძულოთ საქმე გააკეთოთ და დავაყენოთ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი; გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი კი არ არის, არამედ ყველაფერი თავიდანაა გადასახედი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.