საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მდინარე მტკვარზე გაიმართა ტურნირი ნიჩბოსნობაში. მასში მონაწილეობა მიიღო მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლის 60 მოსწავლემ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და მედლებით. სპორტულ ღონისძიებას დაესწრო საგურამოს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლის 30-მდე აღსაზრდელი.
"საქართველოს პროკურატურა მხარს უჭერს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ჩვენი მიზანია მოზარდები დანაშაულებრივ გზას ავაცდინოთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ღონისძიებები. დღევანდელი შეჯიბრიც ამის დასტურია, ნიჩბოსნობის სკოლის სპორტსმენებთან ერთად ტურნირში ჩავრთეთ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. დაინტერსების შემთხვევაში, მცხეთის პროკურატურა მათ სპორტის ამ სახეობაში ჩაბმაში დაეხმარება~, _ განაცხადა მცხეთის პროკურორმა ნიკა დგებუაძემ.
ტურნირი ნიჩბოსნობაში საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში განახორციელა. მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროკურატურამ მოსწავლეების მონაწილეობით ათობით სპორტულ ღონისძიებას გაუწია ორგანიზება.
2010 წელი საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადა. მთელი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება _ საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტი გააგრძელებს საჯარო სკოლებში პროკურორების ლექციებს სამართლებრივ თემებზე, გაიმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით.