ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესისი მთავარი მოტივი და არგუმენტი იყო პროცესის მონაწილე პირთა უსაფრთხოება და გამოძიების ინტერესები, ვინაიდან საქმეზე ძიება სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით კვლავ გრძელდება, - განმარტა ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. მისი თქმით, დაცვის მხარისგან შუამდგომლობა არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და პროკურორებს არ უსაუბრიათ არც საპატრიარქოს იმიჯზე და არც მის რეპუტაციაზე.
,,ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებების ღია სხდომაზე გასაჯაროებამ, შეიძლება მესამე პირთა მხრიდან მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვიოს, რაც საზოგადოებაში მღელვარებას და შფოთს შეიტანს. აქედან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებრივ წესრიგს შეექმნას საფრთხე, მით უფრო საქმეში არსებობს გიორგი მამალაძეზე ისეთი პერსონალური მონაცემები, რომელიც ეხება მის მორალურ მხარეს, მისი ცხოვრების წესს. დაუშვებელია ღია სხდომებზე ამ დეტალების განხილვა. სამწუხაროა, რომ ადვოკატების მხრიდან მოხდა ფაქტების დამახინჯება, შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება თითქოს პროკურატურამ საპატრიარქოს იმიჯი და რეპუტაცია გამოიყენა არგუმენტად“, - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტს, როგორც ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, ესეც ერთ-ერთი მოტივი იყო იმისა, თუ რატომ უნდა მომხდარიყო სასამართლო პროცესის დახურვა.
„არ გვინდა საჯაროდ ვთქვათ, რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა შინაარსის იყო ის, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დავიცვათ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება. ამ მუქარას საფუძვლად ედო რელიგიური მოტივები“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
საპატრიარქო, ე.წ. ციანიდის საქმეზე, სხდომის საჯაროობის მომხრეა. საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ საქმეზე სხდომის დახურვის შემდეგ, განაცხადა, რომ საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს. მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია პროკურატურის არგუმენტი, რომელიც ეკლესიის იმიჯის შელახვას ეხება.