ხვალ, 24 ივნისს, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში სტუდია "მონიტორის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ჩვენება გაიმართება .
გამოძიება ეხება თბილისის საკრებულოს დადგენილებით დიღმის ტყე-პარკის გარკვეული ტერიტორიისთვის რეკრეაციული სტატუსის გაუქმებას. საკრებულომ ამ დადგენილებით ტყე-პარკში ინტენსიული მშენებლობები დააკანონა.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია კანონის დარღვევით 1998 წელს 39 120 ლარად შპს "სანიზე" გაიყიდა. 2003 წელიდან, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, თბილისის საკრებულოს და ქალაქის მთავრობის სხვადასხვა დადგენილებით ტყე-პარკის ტერიტორიზე ყოველგვარი მშენებლობა, მიწის ნაკვეთის ყიდვა, გაყიდვა და ლეგალიზაცია აიკრძალა. თბილისის მერიამ ასევე კერძო მეპატრონეებისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა დაიწყო.
ტყე-პარკის აღდგენისთვის მერიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ასი ათასობით ლარი დახარჯა. თუმცა მოულოდნელად 2009 წლის 11 სექტემბერს საკრებულომ ტყე-პარკის სოლიდურ ნაწილს სტატუსი შეუცვალა.
"მონიტორის" ჟურნალისტურ გამოძიებაში ასახულია, თუ ვისი ინტერესი გაიზიარა ქალაქის მერიამ და საკრებულომ. მათი განცხადებით, ტყე-პარკის იმ ტერიტორიის მფლობლელები, რომლებსაც სტატუსი შეეცვალათ, საქართველოს პარლამენტის წევრები არიან.