მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აჭარის რეგიონული ორგანიზაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
მოძრაობის ბათუმის ოფისში 3 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეჭვიქვეშ დგება აჭარის პარლამენტის ნდობის მანდატი.
"აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს ლევან ვარშალომიძეს აჭარის უმაღლესი საბჭო, ფაქტობრივად, ჯიბეში ჰყავს ჩასმული", _ განაცხადეს პრესკონფერენციაზე მოძრაობის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ და აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერმა მამუკა კაკალაძემ.
მათი განცხადებით, ერთი წლის წინ, ვარშალომიძისა და მისი გარემოცვის მთავარი საარჩევნო დაპირება სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახლის შექმნა იყო.
"ამის ნაცვლად, დღეს აჭარაში უკუპროცესი მიმდინარეობს. აქამდე არსებული სამუშაო ადგილები უქმდება, ახლის შექმნაზე კი არავინ ფიქრობს", _ აცხადებენ მოძრაობის წევრები.
მოძრაობის წარმომადგენელთა თქმით, ასევე შეუსრულებელი დარჩა აჭარის ხელისუფლების მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები იმის შესახებ, რომ მომავალი 15 თვის განმავლობაში აჭარაში აღარ იარსებებდა კომუნალური ელექტრომრიცხველები, მოხდებოდა რეგიონის სრული გაზიფიცირება და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.