„პრეზიდენტი თავიდანვე კონსტრუქციული იყო და პარლამენტს პარტნიორობას სთავაზობდა. დღეს ეს არავის ახსოვს და პრეზიდენტზე შეტევას ორმხრივ დაპირისპირებად აფასებენ. როდესაც ერთი იგინება და იფურთხება, მეორე კი არაფერს პასუხობს, არ მესმის დაპირისპირება ორმხრივი რატომ შეიძლება იყოს“,-განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში.
მან საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვებში პრეზიდენტის მონაწილეობა შეაფასა. მისი აზრით, მიუხედავად მეორე მხარის მიერ გამოვლენილი აგრესიისა, პრეზიდენტმა უნდა სცადოს განხილვებში მონაწილეობის მიღება.
„რაც შეეხება განხილვას, ჩვენი ემოციები ყველამ უნდა გადავდოთ და მივიღოთ პროცესში მონაწილეობა. პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, რომ არ ითანამშრომლოს. თუმცა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ მოიძებნა ეფექტური ალტერნატივა, ვფიქრობ, პრეზიდენტი უარს არ იტყვის“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტის აზრით, პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის თანამშრომლობისათვის, კარგი იქნება თუკი, პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი განცხადებების გამო ბოდიშს მოიხდის.
„კარგი იქნება თუ თანამშრომლობა დაიწყება კობახიძის მიერ მოხდილი ბოდიშით, ყველაფერი იმ სისულელისთვის, რაც ილაპარაკა. მან ბოლო თვის განმავლობაში განავითარა შეთქმულების თეორიები, თითქოს სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, პოლიტიკურ პარტიებს მიუძღოდა და ქვეყანას ძირს უთხრიდა. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, მან ბოდიში უნდა მოიხადოს, სხვა შემთხვევაში, თუკი თვლის, რომ სიმართლე თქვა, ასეთ ადამიანთან როგორ უნდა ითანამშრომლოს“- განაცხადა გია ხუხაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენთან“.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით ბუნდოვანია თანამშრომლობის პერსპექტივა, თუმცა არის მცდელობები.
„ვფიქრობ იქნება თანამშრომლობის იმიტაცია, თუმცა დიდი ოპტიმიზმით არ ვუყურებ ამ თანამშრომლობას. ჯერ კიდევ ბუნდოვანია თუ რას სთავზობს პარლამენტი, რა ფორმატი იქნება. თუ საკუთარი პარტიული აქტივისტებით აპირებენ დარბაზების გავსებას, ეს სისულელეა. არსებობს მეორე ვარიანტიც, შესაძლოა მათ მართლა აინტერესებთ ხალხის აზრი. ჯერჯერობით არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მაინც ზომიერ სკეპტიციზმს გამოვთვამ ყოველივე ამასთან მიმართებაში“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.