აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან გაფორმებული შეთანხმება ბათილად იქნება ცნობილი, - ამის შესახებ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" იტალიაში საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ განუცხადა.
როგორც კახა სიხარულიძე ამბობს, ქალაქი, რომელთანაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებმამ შეთანხმება გააფორმა, კალაბრიის რეგიონის პატარა ქალაქი სანტა მარია დელ ჩედრო, ოთხი ათასი მცხოვრებით. მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თავიანთი კერძო კავშირებით შეცდომაში შეიყვანეს ამ ქალაქის მერი.
"ეს არის კალაბრიის რეგიონის პატარა ქალაქი სანტა მარია დელ ჩედრო, ოთხი ათასი მცხოვრებით. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თავიანთი კერძო კავშირებით შეცდომაში შეიყვანეს ამ ქალაქის მერი. ჩვენ უკვე დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს. ყველა სათანადო ზომა მიღებულია და ეს ოქმი სულ მალე ბათილად იქნება ცნობილი", -განაცხადა კახა სიხარულიძემ.
ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მათი თქმით, შეთანხმება კულტურული ტურიზმის სავაჭრო და ბიზნეს სფეროში ურთიერთობას ითვალისწინებდა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სექტემბერში აღნიშნული ქალაქიდან დელეგაციასაც ელოდებოდნენ. ქალაქის სახელს ისინი ხელშეკრულების გაბათილების შიშით არ ასახელებდნენ.