მომავალი კვირიდან ვიქტორ დოლიძე საკრებულოში მოქალაქეების მიღებას დაიწყებს.
როგორც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ დღეს საკრებულოში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომისიის მუშაობა ამ დღეებში დაიწყება, ასევე შეიქმნება აპარატი, რის შემდეგაც შეძლებს ნებისმიერ დროს მოქალაქეები მიიღოს, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ.
"ჩვენ არ გადაგვიდია გვერდზე ის პროგრამები, რომელიც წინასაარჩევნოდ მოამზადეს და შესთავაზეს თბილისელებს. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ "ნაციონალური მოძრაობის" მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში ყველა კარი იყო აჭედილი. ჩვენი კარი ღია იქნება ნებისმიერ დროს. მე არ მექნება მიღებისთვის კონკრეტული დღეები და საათები. ჩემი აპარატი და პირადად მე ნებისმიერ დროს მზად ვიქნებით მივიღოთ ადამიანები, ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ამასთან, დოლიძის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საბიუჯეტო პროგრამები, რომელიც ეხება ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამებს, სადაც ტრადიციულად ძალიან დიდი ხარჯვითი წილია თანხების.
"ჩვენ ვეცდებით გავაკონტროლოთ ყველა თეთრი, რათა ის მოხმარდეს თბილისელებს და არ გაიფლანგოს უმიზნოდ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.