დღეს, "ლეიბორისტულმა პარტიამ" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განცხადა, 25-30 ათას მასწავლებელს სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება, რაც სკოლების გაუქმების ტოლფასია.
"ის, რომ სკოლაში მასწავლებლის ადგილს მანდატური იკავებს, კრიმინალური და პოლიციური რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი. მოვუწოდებ შაშკინს, ან ხელი აიღოს ამ გადაწყვეტილებაზე, ან დაბრუნდეს მშობლიურ სპეცსამსახურებში, საიდანაც სწორედ ამგვარი მავნე გადაწყვეტილებების განსახორციელებლად მოავლინეს", - განაცხადა გუგავამ და აქვე დასძინა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამგვარი ხერხით ცდილობს არჩევნებისთვის დახარჯული თანხები აანაზღაუროს.
ამასთან, გიორგი გუგავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო უახლოეს მომავალში მათ მოთხოვნას არ გამოეხმაურება და ამ გადაწყვეტილებაზე ხელს არ აიღებს, "ლეიბორისტები" პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
დღესვე "ლეიბორისტებმა" განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან შეხვედრასაც მოითხოვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მინისტრი მთავრობის სხდომაზე იმყოფება, მის მოადგილესთან შეხვედრა გადაწყვიტეს, თუმცა სამინისტროდან მათ მოთხოვნას არ გამოხმაურებიან.