საქართველომ და სენტ ვინსენტმა ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. სენტ-ვინსენტის მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ამ სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან კამილო გონსალვესმა ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს.
აღნიშნული ოქმის თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ემსახურება ქართველი და ვინსენტელი ხალხების ინტერესებს. ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ სუვერენული თანასწორობის, მეგობრული ურთიერთობების, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებით.
სენტ-ვინსენტი მეექვსე ლათინურამერიკული სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ 2010 წელს დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. მანამდე, ანალოგიური დოკუმენტები გაფორმდა გვატემალსთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, პარაგვაისთან, პერუსთან და სენტ-ლუჩიასთან.
ცნობისათვის, სულ, 2010 წელს საქართველომ 16 სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. გარდა ლათინური ამერიკისა, ესენი არიან აზია - წყნარი ოკეანეს რეგიონის სახელმწიფოები - ბრუნეი, მალდივის რესპუბლიკა, მარშალის კუნძულები, ფიჯი და სამოა, და აფრიკული სახელმწიფოები - ბოტსვანა, კაბო-ვერდე, კომორო და ლიბერია.