კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთს ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მუდმივად ოპოზიციაში დგომა მობეზრდა.
"რუსეთს მობეზრდა ლუკაშენკოს მუდმივად ოპოზიციაში დგომა, ყოველ თემაზე გაუთავებელი კამათი და მოსკოვის არ დაჯერების პოზიცია. მით უმეტეს, რომ ბელორუსი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ და რეალურ მოკავშირედ ითვლება, ამიტომ რუსეთის მხრიდან ასეთი ქმედებები კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მამუკა არეშიძემ.
მისვე შეფასებით, ბელორუსი-რუსეთის ურთიერთობების დაძაბვაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკამ თავის როლი ითამაშა, მაგრამ ეს გადამწყვეტი არ ყოფილა.
"საქართველოს საკითხს ერთ-ერთი ადგილი უკავია, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან ლუკაშენკომ სხვა ნაბიჯებიც გადადგა, რომელმაც მოსკოვი გააღიზიანა. მაგალითად ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის შეფარება, რომელიც რუსეთის მტრად აღიქმება. ეს ყველაფერი კომპლექსურად მოხდა", - განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ლუკაშენკოს "თავისი არ გაუვიდეს" და ამისთვის მოსკოვს სერიოზული ეკონომიკური ბერკეტებიც აქვს და შეუძლია მათი გამოყენება.
"იმისთვის, რომ ბელორუსიის ეკონომიკა არ დაიქცეს ლუკაშენკოს მოკავშირე ევროკავშირია, მაგრამ როცა საუბარი ენერგომატარებლების თემას ეხება აქ დასავლეთი მას ვერაფრით დაეხმარება", - აღნიშნა ექსპერტმა.
რაც შეეხება ბელორუსიაში ყირგიზეთის სცენარის განმეორებას მამუკა არეშიძე გამორიცხავს და აცხადებს, რომ მინსკში ეთნიკურ დაპირისპირებას ვერ შესძლებენ, მეორეც ლუკაშენკოს ბევრად უფრო მყარი და ძლიერი ხელისუფლება აქვს და მოსახლეობის დიდი ნაწილი ლუკაშენკოს მხარს უჭერს, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ბელორუსიას გაზის მიწოდება დღეს, დილის 10:00 საათზე 60% შეუმცირა. ვალის გადაუხდელობის გამო მინსკს "გაზპრომა" თავდაპირველად გაზის მიწოდება 30% შეუმცირა, რასაც ბელორუსიის პრეზიდენტის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა და მან ევროპაში გაზის ტრანზიტი გადაკეტა.
მილერის განცხადებით, კი მიუხედავად ლუკაშენკოს გადაწყვეტილებისა ევროპას რუსული გაზის მიწოდებაზე პრობლემა არ შეექმნება და ალტერნატიულ გზად უკრაინას გამოიყენებს.