ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე პრეზიდენტის დანაპირების აღსრულებას მოითხოვს. იგი აცხადებს, რომ ახალი გადასახადის დაწესებისას მთავრობამ რეფერენდუმი ჩაატაროს და თავად ხალხი განსაზღვრავს, დაწესდეს თუ არა ახალი გადასახადი.
"პრეზიდენტი როდესაც "პირიმზეში" მივიდა და იქ მყოფებს უთხრა, რომ გადასახადისგან ათავისუფლებდა, მოატყუა, რადგან კარგად ვიცით, რომ ისინი გადასახადისგან ისედაც გათავისუფლებულნი იყვნენ. როდესაც განათლების სფეროს ვბეგრავთ და მას ახალ გადასახადს ვუწესებთ, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. პრეიზდენტის დაპირებისამებრ, ჩატარდეს რეფერენდუმი და ამის შემდეგ გავზარდოთ გადასახადები. არ შეიძლება, ჯანდაცვის ობიექტებს დავუწესოთ გადასახადი და შევუცვალოთ თამაშის წესები. ეს კოდექსი არის არა რევოლუციური, არამედ კონტრრევოლუციური და ამ მიმართულებით ფართო დისკუსიაა საჭირო. იმ კომპანიებს, რომლებსაც ჯანდაცვის ობიექტები მივყიდეთ და აპარატურის შემოტანას უკვე აპირებენ, არ შეიძლება თამაშის წესები შევუცვალოთ და ახალი აპარატურის შემოტანისტვის დამატებითი გადასახადი გადავახდევინოთ", - განაცხადა ვეფხვაძემ.