მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება (A ჯგუფის მატჩი დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება), უილიამ გალასი, ერიკ აბიდალი და ტიერი ანრი მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ ბრიტანული თჰე შუნ-ი იუწყება.
გამოცემა ეყრდნობა "სამფეროვანთა" ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენლის, ანრი მონტიელის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული 3 ფეხბურთელი ნიკოლა ანელკასთან მეგობრობის გამო დღევანდელ მატჩში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ბანაკში განხეთქილებაა. ყველაფერი კი გუნდის თავდამსხმელის ნიკოლა ანელკასა და მთავარი მწვრთნელის რაიმონ დომენიკს შორის მომხდარი კონფლიქტით დაიწყო. ანელკამ ჯგუფის უკანასკნელ თამშში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც დომენიკმა იგი გუნდიდან მოკვეთა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ, მხოლოდ ერთი ქულა და A ჯგუფიდან გასვლის მიზერული შანსი აქვს, რის გამოც დომენიკი უკვე ფრანგთა ყოფილმა კაპიტანმა, ზინედინ ზიდანმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, "დომენიკი საფრანგეთის ნაკრებს უფსკრულისკენ მიაქანებს."
დადასტურებული ინფორმაციით, მუნდიალის შემდეგ რაიმონ დომენიკი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და მის ადგილის "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი დაიკავებს.