კასპში, მალე წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი აშენდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა მრევლის და სამღვდელოების თხოვნა და ქალაქის ცენტრში ტაძრის ასაშენებლად 2 383 კვ.მ. ფართობი გამოყო, რომელიც სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ აკურთხა და ჯვარი აღმართა.
ტაძრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
როგორც კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლება ტაძრის მშენებლობაში შეძლებისდაგვარად დაეხმარება ეპარქიას.
კასპში ამჟამად ორი მოქმედი ეკლესიაა, მაგრამ ფართობის სიმცირის გამო მრევლის დიდი ნაწილი რელიგიურ დღესასწაულებზე ეკლესიაში შესვლას ვერ ახერხებდა.