საქართველოში სპმთპ-ის მხარდასაჭერად "განათლების ინტერნაციონალის" სპეციალური კომისია ჩამოვიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირებიდან აცნობეს, "განათლების ინტერნაციონალის" სპეციალური კომისია ბოლო დროს სპმთპ-ისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის დაძაბული ურთიერთობის, გახშირებული საჯარო ცრუ ბრალდებებისა და თავდასხმების გამო ჩამოვიდა.
ზემოთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა წერილობით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართა.
"განათლების ინტერნაციონალი" აერთიანებს 30 მილიონ წევრს 173 ქვეყნის 403 ორგანიზაციიდან, მათ შორის არის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი.
კომისიის წევრები არიან: დომინიკ მარლეტი (,,განათლების ინტერნაციონალის" ადამიანის უფლებათა და პროფკავშირის უფლებების განყოფილების უფროსი კოორდინატორი); ჯორგენ ლინდჰოლმი (,,განათლების ინტერნაციონალის" პან ევროპული რეგიონალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, შვედეთის პედაგოგთა პროფკავშირი); გაბორ კერპენი (პანევროპული რეგიონალური კომიტეტის წევრი, უნგრეთის პედაგოგთა დემოკრატიული გაერთიანება).
მათი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კომისიის წევრების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, სადაც სპმთპ-სა და განათლების სამინისტროს შორის სოციალური დიალოგის არქონის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
კომისიის წევრები ასევე ეწვევიან ევრო-კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში პიერ ეკლუნდის, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. სამუშაო რეჟიმში შეხვდებიან სპმთპ-ის აღმასრულებელ საბჭოს.