დღეს, 22 ივნისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის "ერუდიტი 2010"-ის ფინალური შეხვედრა ჩატარდება. გამარჯვებულს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი საპატიო მანტიით შემოსავს და შესაბამისი ხარისხის დიპლომს გადასცემს. პროექტის ყველა მონაწილეს საბავშვო ენციკლოპედიები დაურიგდება.
პროექტი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციავტივითა და ფონდის "hარმონია და მშვიდობა" მხარდაჭერით ხორციელდება.
21 ივნისს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის "ერუდიტი 2010"-ის ფინალისტებს შეხვდა.
აღნიშნულ პროოექტში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების 150-ზე მეტი 13-17 წლამდე მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის ფინალში 25 მოსწავლე გავიდა.
როგორც ბარამიამ აღნიშნა, პროექტი აფხაზეთის მოსწავლეების ნიჭიერების წარმოჩენას ითვალისწინებს.
"აფხაზეთის მთავრობისთვის პრიორიტეტია მომავალი თაობის მხარდაჭერა. ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალის რაიონიდან, გვყავს მედალოსანი ცხრა მოსწავლე. მიუხედავად იმის, რომ გალის რაიონში ძნელია სწავლა-განათლების მიღება, ყველაზე წარჩინებული ბავშვები ზუსტად ამ რაიონიდან არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი არიან ჩვენი მომავალი, რომლებმაც მომავალი აფხაზეთი უნდა ააშენონ", _ განაცხადა ბარამიამ.