დღეს, 22 ივნისს, საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პედაგოგთა პროფკავშირის საქმიანობაში ჩარევის ფაქტებთან დაკავშირებით "განათლების ინტერნაციონალის" საგანგებო კომისია ჩამოდის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს.
"მასწავლებელთა მასობრივი შემცირების დაგეგმვის პარალელურად, განათლების სამინისტრომ ბრძოლა გამოუცხადა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს. სამინისტრო არაკანონიერად ერევა პროფკავშირის საქმიანობაში, ცდილობს, ფინანსური ზიანი მიაყენოს მას და ამ მიზნით სკოლის დირექტორებს აუკრძალა პროფკავშირის საწევროების გადარიცხვა სპმთპ-ის ანგარიშზე.
სამინისტროს მხრიდან პროფკავშირის საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს უარყოფითი საერთაშორისო შეფასება მოhყვა", _ ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით "განათლების ინტერნაციონალის" გენერალურმა მდივანმა სპეციალური წერილით უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებს და მოსთხოვა მათ, ასეთი ფაქტების აღმოფხვრა. "განათლების ინტერნაციონალი" მსოფლიო მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 30 მილიონ წევრს 173 ქვეყნის 403 ორგანიზაციიდან. მათ შორის არის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი.
ამავე დროს, "განათლების ინტერნაციონალმა" საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით შექმნა სპეციალური კომისია, რომლის წევრებიც საქართველოში საგანგებო ვიზიტით ჩამოდიან.
კომისიის წევრები არიან დომინიკ მარლეტი - "განათლების ინტერნაციონალის" ადამიანის უფლებათა და პროფკავშირის უფლებების განყოფილების უფროსი კოორდინატორი; ჯორგენ ლინდhოლმი - "განათლების ინტერნაციონალის" პან ევროპული რეგიონალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (პედაგოგთა პროფკავშირი, შვედეთი); გაბორ კერპენი, პანევროპული რეგიონალური კომიტეტის წევრი, (უნგრეთის პედაგოგთა დემოკრატიული გაერთიანება, უნგრეთი).
კომისიის წევრები შეხვდებიან ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში და მის ხელმძღვანელს, პიერ ეკლუნდის, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სპმთპ-ის აღმასრულებელ საბჭოს. ასევე, იგეგმება შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ოფისთან, განათლების და მეცნიერების მინისტრთან.
დელეგაციის მიზანია, ამ ვიზიტით ხელი შეუწყოს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს შორის სოციალური დიალოგის დაწყებას.