„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აჭარის ორგანიზაციამ აჭარის მთავრობის, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და დეპარტამენტების საჯარო მოხელეებზე გაცემულ გასამრჯელოსთან დაკავშირებით 2015-2016 წლის კვლევა გამოაქვეყნა.
საჯარო მოხელეების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კვლევის შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურები პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული და მათი ანაზღაურება მინიმალურია.
„როგორც იცით, ჩვენ ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ. შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. დღეს ჩვენს მთავრობაში ერთგული ადამიანები მუშაობენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ კადრები, შესაბამისად, მათ ნორმალური და ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს მომავალში და მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული, რათა ზომიერება იყოს დაცული. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვენელოვანია მუშაობა და კოორდინაცია. ჩვენი გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ისინი იმ მინიმუმს ღებულობენ, რაც უნდა მიიღოს სახელმწიფო მოხელემ“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
აჭარაში სხვადასხვა საჯარო სამსახურში 3641 ადამიანია დასაქმებული.