მამა რევაზ სიხარულიძემ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ აზიარა. ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან განმარტა, რომ ზიარება მისი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგან მას სინოდზე მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული.
მამა რევაზ სიხარულიძემ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თავს ნორმალურად გრძნობს და მედიკამენტებით მკურნალობს.
”ძალიან მაწუხებდა მისი ჯანმრთელობა. ვისთვის შიმშილობა იყო და ვისთვის მკაცრი მარხვა, ამაზე თვითონ იფიქრონ, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მისი მდგომარეობა ნორმალურია, იკვებება ნორმალურად და მადლობა ღმერთს, თავს კარგად გრძნობს. ჩავიბარე აღსარება. რაც შეეხება ზიარებას, ამ შემთხვევაში ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგანაც სინოდზე მათ შეჩერებული აქვთ მღვდელმსახურება და ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება. ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა”, - განაცხადა მამაომ.
კითხვაზე, თუ როგორია მისი სულიერი მდგომარეობა და განწყობა, მამა რევაზ სიხარულიძემ აღნიშნა, რომ „მამა გიორგი ცდილობს თავი გაიმართლოს, დანარჩენი მომავალში გამოჩნდება“.
მამა რევაზ სიხარულიძე დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა.