სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გრძელდება მოულოდნელი მატჩების სერია. მოქმედი ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრები
ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
ანგარიში მეშვიდე წუთზე შმელთსმა გახსნა. მარჩელო ლიპის გუნდმა წონასწორობის აღდგენა 29-ე წუთზე იაკინტას მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოახერხა.
რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა მუნდიალის ხუთგზის ჩემპიონმა ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც კოტ დიუარი 3-1 დაამარცხა. 25-ე და 51-ე წუთებზე სევილიის თავდამსხმელმა ლუის ფაბიანომ შეძლო კოტ დიუარის კარის აღება. 62-ე წუთზე კაკას ზუსტი პასი ელანომ გოლად აქცია და ბრაზილიელები 3- ბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. აფრიკელთა რიგებში ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე დიდიე დროგბამ გაიტანა.
სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე დღეს კიდევ 3 მატჩი გაიმართება. პორტუგალია ჩრდილოეთ კორეას შეხვდება, ჩილე შვეიცარიას დაუპირისპირდება, ესპანეთი, რომელმაც პირველი მატჩი შვეიცარიასთან 0-1 დათმო პირველი ქულების მოპოვებას ჰონდურასთან მატჩში შეეცდება.