სპირტიან სასმელზე აქზიცის გადასახადის გაორმაგებით, მთავრობა სასმელზე მოთხოვნის შემცირებას არ მოელის. როგორც ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა აქციზის გაძვირება, გარკვეულწილად სასმელის ღირებულებაზეც აისახება, თუმცა ამით სპირტიანი სასმელების მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება არ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, სპირტიან სასმელებზე და ლუდზე აქციზის გადასახადი ორმაგდება. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება დამატებითი ღირებულების გადამხდელთა ქვედა ზღვარის გაორმაგებაზე შეგნებულად მიდის, ხოლო ბიუჯეტისათვის დაკლებული თანხების კომპენსაცია ძირითადად სპირტიან სასმელებზე აქციზის გაზრდით მოხდება.
საგადასახადო კოდექსის პროექტის თანახმად, დადუღებული სასმელების მაგალითად ვაშლის სიდრის, პერის, თაფლის სასმელისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევის აქციზის გადასახადი 1 ლიტრზე 2,5 ლარამდე იზრდება.
ორმაგდება ასევე ლუდის აქციზის გადასახადი და ის 1 ლიტრზე 20 თეთრის ნახვლად 40 თეთრი იქნება. 1 ლიტრი არაყის აქციზის გადასახადის ზრდა 3 ლარამდე, ხოლო ლიქიორის გადასახადის ზრდა 4,6 ლარამდეა დაგეგმილი. საგადასახადო პროექტის მიხედვით 5 ლარამდე იზრდება რომის, ტაფიას, ჯინისა და ღვინის ნაყენის აქციზის გადასახადი.
ალკოჰოლური სასმელების გარდა ძვირდება თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების აქციზის გადასახადები
აქციზის საფასურის გაზრდის შემდეგ მოხდება თუ არა პროდუქციის გაძვირებაზე ამაზე მწარმოებელი კომპანიები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.