მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია "ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ აზარტული თამაშები საქართველოში ყველაზე აქტუალური თბილისში ყოფილა, რასაც ალბად კაზინოების განლაგებაც განაპირობებს. "ეისითის" კვლევის მიხედვით, კაზინოში სტუმრობა საკმაოდ აქტიური ქცევაა განსაკუთრებით თბილისში: ხუთიდან სამი მომხმარებელი (59%) თვეში რამოდენიმეჯერ მაინც სტუმრობს კაზინოს, მომხმარებელთა ერთი მეხუთედი (20%) კი განსაკუთრებით აქტიურია - აღნიშნული სეგმენტი ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე დადის კაზინოში.
კაზინოში მოთამაშეთა აქტივობა დასვენების დღეებში პიკს აღწევს - მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა (94%) (აქედან 43% მხოლოდ დასვნების დღეებში, ხოლო 51% როგორც დასვენების, ასევე სამუშაო დღეებში) სწორედ უქმეებზე სტუმრობს კაზინოს.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები კაზინოს თანაბრად სტუმრობენ როგორც თანხის მოგების, ასევე თამაშის თანმდევი აზარტისა და განტვირთვის მიზნით..
მარკეტინგული კვლევების კომპანიაში ამბობენ, რომ დასავლეთში ვირტუალური კაზინოების წლიური ბრუნვა დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღარაფერს ვამბობთ ჩვეულებრივი კაზინოების წლიურ ბრუნვაზე, შემოსავლებსა და სუფთა მოგებაზე, რომელიც აზარტულ მოთამაშეებს მოაქვთ როგორც ამ ბიზნესის მფლობელებისთვის, ისე ქვეყნის ბიუჯეტისთვის. კაზინო და სლოტ-კლუბები საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ და ერთი ფსონის დადებით გამდიდრების მსურველთა სიმრავლით კონკურენციას უწევენ ტოტალიზატორებს.