რეფერალური პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება ჯანდაცვის სამინისტროდან მთავრობაში გადავა. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს პარლამენტში 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილეებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
როგორც ბაინდურაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეფერალური პროგრამების განხორციელბა მოხდეს არა ჯანდაცვის სამინისტროს, არამედ უშუალოდ მთავრობის მიერ. შესაბამისად კომისია, რომელიც განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს შეიქმნება არა ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, არამედ მთავრობის ბაზაზე და დაქვემდებარებული იქნება მინისტრთა კაბინეტს.
ამის არგუმენტად ბაინდურაშვილი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სახსრების მოძიება "მეტად ხელეწიფება მთავრობას, ვიდრე ერთ ჯანდაცვის სამინისტროს" და იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, მოაგვარებს დღეს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ეწინააღმდეგება და როგორც მან დღეს სესიაზე განაცხადა, რეფერალური პროგრამა გაცილებით ფართოა, ვიდრე მოქალაქეთა ინდივიდუალური განცხადებების დაკმაყოფილება და, შესაბამისად, გაუმათლებლად მიიჩნევს პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების ჯანდაცვის სამინისტროდან მთავრობისათვის გადაცემას და იმასაც კი ეჭვობს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ არსებული უნდობლობით არის მიღებული.
"თუ ნდობა არ არის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ეს არის წმინდა ჯანდაცვის სამინისტროს საკითხი და მეშინია ამ გადაწყვეტილებით, ამ პროგრამის განხოცრიელება უფრო მეტად არ შევაფერხოთ და ამან არ გამოიწვიოს მოქალაქეთა უფრო დიდი უკმაყოფილება ვიდრე დღეს არის", - განაცხადა გიგი წერეთელმა.