მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი ერთი წლის განმავლობაში, ისანი-სამგორის რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგი ლეკვეიშვილმა განუცხადა, ერთი წლის განმავლობაში, ცენტრის თანამშრომლები ისან-სამგორის რაიონში მცხოვრებ მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს უფასო კონსულტაციებსა და ლაბორატორიულ გამოკვლევას ჩაუტარებენ.
"უბნის ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე უფასოდ ჩავუტარებთ როგორც სპეციალისტების კონსულტაციას, ასევე ლაბორატორიულ გამოკვლევას. თავდაპირველად ამ ადამიანებს უბნის თერაპევტი გასინჯავს და თუ იგი იტყვის, რომ საჭიროა რაიმე სახის გამოკვლევა, ან სხვა მსგავსი ტიპის სამედიცინო დახმარება, უფასოდ მოვემსახურებით", - განაცხადა ლეკვეიშვილმა.
მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი 2008 წლის 11 იანვარს ჩამოყალიბდა. კომპანია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენის დახმარება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.