ოპოზიციონერი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია, პენსიის საარსებო მინიმუმამდე გათანაბრების თაობაზე აღმასრულებელ ხელისუფლებას საკუთარ წინადადებას სთავაზობს.
"ასაკით პენსიონერებს მაქსიმალური პენსია 75 ლარით განესაზღვრებათ, მაშინ, როცა საარსებო მინიმუმი 150 ლარს შეადგენს. "ქართული დასი" აღმასრულებელ ხელისუფლებას კონკრეტული პროექტით მიმართავს, რომელიც პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას სამ ეტაპად ითვალისწინებს. კერძოდ, 1 იანვრიდან პენსია კიდევ 25 ლარით, შემდეგ კიდევ 25 ლარით და მესამე ეტაპზე ისევ 25 ლარით გაიზარდოს", - განაცხადა ბაღათურიამ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე და აქვე განმარტა, რომ პენსიის საარსებო მინიმუმამდე გასაზრდელად საერთო ჯამში 540 მილიონი ლარია საჭირო.
"იმ ფონზე, როცა 2 მილიონამდე მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა და პენსიონერებს საარსებო მინიმუმზე 2-ჯერ ნაკლები პენსია აქვთ, პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვენთან პოლიტიკური კინკლაობით და თითის გაშვერით არის დაკავებული. სახელმწიფო ბიუჯეტი კი ძალიან გავს საარჩევნო კამპანიის ბიუჯეტს და არა იმ ქვეყნის ბიუჯერს, რომელსაც 2 მილიონი დამშეული ადამიანი ჰყავს", - განმარტა ბაღათურიამ.