დედაქალაქის არჩეული მერი გიგი უგულავა და ახალი, მეოთხე მოწვევის საკრებულო მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან, 17 ივნისიდან შეუდგებიან. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი ნათელა მაჭავარიანი გახსნის. მისასალმებელი სიტყვით გამოვა გიგი უგულავა. სხდომას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუმრები დაესწრებიან.
საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, 11 კომისიის თავმჯდომარეებს და კომისიების წევრებს აირჩევენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობიდან", სავარაუდოდ, მამუკა ახვლედიანის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
საკრებულოში ორი კომისიის თავმჯდომარეობას ოპოზიციონერ წევრებს შესთავაზებენ. ამის შესახებ საკრებულოს ძველი შემადგენლობის სხდომის შემდეგ ზაალ სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს კომისიები იქნება ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების, ასევე, ურბანული განვითარების კომისიები.
მეოთხე მოწვევის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" - 29, "ალიანსი საქართველოსთვის" - 5, "ქრისტიან-დემოკრატებს" - 3, "ეროვნულ საბჭოს" - 2 და "მრეწველებს" - 1 წევრი ეყოლებათ.