"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი "ალიანსის" დაშლაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ამას იღებს როგორც ფაქტს და ტრაგიკულსა და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
მისი თქმით, "ალიანსის" დაშლით ბრძოლის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა და ბრძოლის სხვა ეტაპი იწყება.
"ალიანსის დაშლა ცხადია, წინასწარ დაგეგმილი არ იყო, თუმცა ვიცოდი, რომ ბრძოლის ეს ეტაპი სრულდებოდა. მთავარია, ბრძოლის გაგრძელება ყველა ფრონტზე. ბრძოლა იყო 9 აპირილიდან 25 ივლისამდე, როცა ქუჩაში ვიდექით; ბრძოლა იყო, როდესაც სააკაშვილს შევხვდით; ბრძოლა იყო, როდესაც შს მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი, რადგანაც გამოაშკარავდა, რომ ცრუ დაპირება იყო ხელისუფლების; ბრძოლა იყო, ასევე ამ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ბრძოლის ეს ეტაპიც დასრულდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს ყოფილ ალიანსში შემავალ პარტიებთან საკოორდინაციო რეჟიმში ყოფნას და ასევე არ გამორიცხავს ირაკლი ალასანიასთვის მხარდაჭერას მომავალშიც.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, "ალიანსის" დაშლა პარტიებს შორის რაიმე დაპირისპირებას არ ნიშნავს. მისივე თქმით, იგი რამდენიმე დღეა ქალაქში არ იმყოფებოდა და ამიტომ ინფორმირებული არ იყო "ალიანსის" დაშლასთან დაკავშირებით. თუმცა, იგი ამას იღებს როგორც ფაქტს და ტრაგიკულს ან საგანგაშოს ამ ვითარებაში ვერ ხედავს.
მისივე თქმით, მისი პარტია აგრძელებს ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებას, არა გარიგებით ან გადატრიალებით, არამედ ცივილური გზით.