აღმაშენებლის გამზირი ფეხსავალ ზონად გადაკეთდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან და თბილისის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ახალი ესტაკადის მშენებლობა დასრულდება, ქალაქში მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება. შეიქმნება ახლი სანაპირო, რომელიც დედაქალაქის ცენტრს კახეთის გზატკეცილთან და გორის და ბათუმის საგზაო მაგისტრალთან დააკავშირებს. ასევე ახალი ესტაკადის ფარგლებში ახალი გზა გაკეთდება დადიანის ქუჩისა და სანზონის გაყოლებაზე, რაც ქალაქის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, აღმაშენებლის გამზირი ფეხსავალ ზონად გადაქციოს.
"თბილისში ჩამოსულ სტუმრებს და ასევე ადგილობრივებს ექნებათ საშუალება, აღმაშენებლის გამზირიდან ფეხით რიყეზე, რიყიდან ახალი ხიდით რუსთველის გამზირზე და იქიდან ძველ თბილისში გადავიდნენ. ვგეგმავთ ახალი, უმაღლესი დონის მრავალკილომეტრიანი დასასვენებელი ცენტრის გაკეთებას, ყოფილ პლეხანოვზე განთავსდება კაფები, თეატრები, კინოები და სხვა გასართობი ცენტრები", - აღნიშნა სააკაშვილმა.