ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო 1 თვის განმავლობაში ნავთობის მსოფლიო ფასი პერმანენტულად იზრდება.
"კერძოდ, 70-71 დოლარიდან გაზრდილია 76-77 დოლარამდე/ბარელზე. 2010 წლის 15 ივნისის ვაჭრობის შედეგებით ლონდონშიInterContinental Exchange Futures -ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76.20 დოლარი ბარელზე; ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweetl ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76.94 დოლარი ბარელზე", _ აცხადებს იგი.
მისი განცხადებით, უფრო ადრე ნავთობის ფასი გაცილებით მაღალი იყო - 88 დოლარამდე/ბარელზე. თუმცა ევროზონაში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც დაკავშირებული იყო საბერძნეთთან, ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
დღეისთვის, მისი განცხადებით, ნავთობის ფასის ზრდის განმსაზღვრელი რამდენიმე ფაქტორი არსებობს: აშშ-სა და აზიურ ქვეყნებში (განსაკუთრებით ჩინეთი) ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით დადებითი ინფორმაციების არსებობა; ოპტიმისტური პროგნოზების გაჩენა ევროზონაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, კერძოდ, ფინანსური კრიზისი დაკავშირებული საბერძნეთის სახელმწიფო ვალის პრობლემასთან; ამავე დროს, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება აშშ-ში საფონდო ინდექსები, რაც თავისთავად ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტორებისთვის, რათა ფული დააბანდონ ნავთობში. ეს ყველაფერი კი არის წინაპირობა ნავთობზე მოთხოვნილების ზრდისა.
"ზაფხულში ნავთობზე და საწვავზე მოთხოვნილება ტრადიციულად მატულობს, რაც ყოველთვის განაპირობებს ნავთობზე ფასების მატებას; მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მოხდა აშშ დოლარის დაცემა როგორც ევროსთან, ასევე სხვა ვალუტებთან მიმართებაში", _ განაცხადა მან.