ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ,,რუსთავი 2“-ის გასხვისებას ამ ეტაპზე არ აპირებს. არხის გენერალური დირექტორის შეთავაზებაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.
,,ბიზნესს ბიზნესურად ვუდგები და ეს ნიშნავს იმას რომ პირობას არ ვდებ, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის ბიზნესში ვიქნები. თუმცა, ვთქვი რომ უახლოეს მომავალში გაყიდვას არ ვაპირებ.
შინაარსის დაზუსტება თუ გინდათ, სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი, მის ხელში რომ არ მოხვდეს”, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
მისივე თქმით, არ აპირებს ნიკა გავარამიასტან მოლაპარაკების დაწყებას ამ საკითხზე.
”ნიკა გვარამია ძალიან მულტიმილიონერად გადაიქცა როგორც ვატყობ. როდესაც მაღალი თანამდებობის პირი იყო, მან, მიშამ და მისმა პარტნიორებმა მოგვაყენეს 50 მილიონის ზარალი. ჩემი ზარალი არ ითვლება მხოლოდ ”რუსთავი 2“-ის ზარალით. მე ვცდილობ ყველაფერი ავანაზღაურებინო, რადგან პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები გავისტუმრო.
უბრალოდ ნიკა გვარამია ის კაცი არ არის, ვისაც შეიძლება ადამიანი მოელაპარაკოს. ნიკა გვარამია არის მიშას წარმომადგენელი და მიშასთან მოლაპარაკება არის წყლის ნაყვა. ეგ არის ადამიანი, რომელსაც ვერასდროს მოელაპარაკები”, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის სანაცვლოდ 3 მილიონ 944 ათას 397 დოლარს სთავაზობს. „3 მილიონ 944 ათას 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.