გაზეთი "სპექტრი" გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს ადგილობრივი პრესის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გაზეთის რედაქციიდან აცნობეს, გამგეობა რაიონში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ტელეკომპანიების წარმომადგენლებს აწვდის.
"კვირას, 1 ნოემბერს, გურჯაანში, მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით "ოქროს შემოდგომა" ჩატარდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ღონისძიების შესახებ მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტები გააფრთხილა", - აცხადებენ "სპექტრის" რედაქციაში.
მათივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ბეჭდური მედიის წარმომადგენლების დისკრიმინაციას ახდენს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი გაზეთის რედაქციის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
"გაზეთის მთავარმა რედაქტორმა მაია ყალაბეგაშვილმა დამირეკა და მისაყვედურა, ფესტივალზე რატომ მე არ დამპატიჟეო. რამე დაგიშავეო, - მკითხა. მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ფესტივალის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია სააგენტოებით გავრცელებული იყო და ინდივიდუალურად არავინ მოგვიწვევია. რაც შეეხება ბრალდებას ადგილობრივი პრესის დისკრიმინაციის შესახებ, უსაფუძვლოა. ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ინფორმაციას ითხოვს, უპრობლემოდ იღებს",- განაცხადა გურჯაანის გამგებელმა.