არსებობს ორი ბეჭედი, ერთ-ერთი მათგანი პატრიარქს ეკუთვნის, ხოლო მეორეს საპატრიარქოში უწმინდესის არ ყოფნის დროს, მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყენებს, - აცხადებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროს მამა დავით შარაშენიძე და განმარტავს, რომ ბეჭედი არ დაკარგულა ,,უბრალოდ გაუგებრობა მოხდა”.
მისი თქმით, ”ფაქსიმილესა და ჩხრეკასთან დაკავშირებული აბსურდი არის ადამიანების მიზანიმიმართული ქმედება, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ”.
”ორივე ბეჭედი თავის ადგილზეა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ორი ბეჭედია, ერთი რომელიც უშუალოდ პატრიარქს აქვს მუდმივად და ამ ბეჭდით ხდება ქონებრივი საქმიანობის განხორციელება, გადარიცხვების და სხვა საქმიანობის შესრულება. არსებობს მეორე ბეჭედი, ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული მომსახურეობის ბეჭედი, როცა პატრიარქი ან არ იმყოფებოდა საქართველოში, ან საპატრიარქოს შენობაში. მის მიერ გამოყოფილი პიროვნება, რომელიც არის ნდობით აღჭურვილი პირი, ამ ბეჭედს გამოიყენებს, ოღონდ პატრიარქთან შეთანხმებით და არა პირადი გადაწყვეტილებით”, - განაცხადა დავით შარაშენიძემ.
მისი განმარტებით, გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ მეუფე გერასიმე დაინიშნა გერმანიის მიტროპოლიტად და ბეჭედი იქნა დასმული საქართველოში მაშინ, როდესაც მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ბერლინში.
,,ეს მოხდა უწმინდესობასთან შეთანხმებით, მეუფე გერასიმე იმყოფებოდა გერმანიაში და უნდა შეხვედროდა ადგილობრივ მღვთელმსახურებს, მას უნდა ჰქონოდა შესაბამისი სტატუსი. მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო მოხდა ეს”, - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.