მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს ბრიფინგზე, საკუთარ ტექსტში, პატრიარქი არ უხსენებია. მისი შეფასებით, ძალიან ბევრი მიმართულებით არასწორი ინტერპრეტაცია ხდება.
“არც ერთი ნაბიჯი, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება, პროკურატირის მხრიდან არ გადადგმულა არც ამ გამოძიებაში და არც ერთ გამოძიებაში, რასაც პროკურატურა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს. საპატრიარქოს მიეწოდა ზოგადი ინფორმაცია გამოძიების შესახებ. ხდება არასწორი ინტერპრეტაცია ძალიან ბევრი მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ არ კითხულობენ და არ ისმენენ პრესრელიზებს, რომელიც პროკურატურის მიერ კეთდება. თქვენ ხომ უყურეთ - რა განაცხადა ირაკლი შოთაძემ?! - მოწმე აცხადებდა, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. ჩატარდა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები. დღევანდელი მტკიცებულებებით, რაც საქმეშია, დგინდება, რომ იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა - ეს თქვა მთავარმა პროკურორმა. შემდეგ დაისვა კითხვა, არის აქ საუბარი საქართველოს კათოლოკოს- პატრიარქზე? - გახსოვთ პასუხი?! არ გახსოვთ?! - მთავარ პროკურორს პატრიარქზე არ უსაუბრია!“, - განუმარტა ჟურნალისტებს გიორგი გოგაძემ.
რაც შეეხება პრემიერის, ვიცე-პრემიერის, მინისტრებისა და სხვა თანამდებობის პირთა განცხადებებს აღნიშნულ საქმეზე, გოგაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
მისივე თქმით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული მასალები საზოგადოებისთვის მაშინ გასაჯაროვდება, როცა ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ.