მიქაელ ბოტკოველმა იცრუა - მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას, - განაცხადა ჟურნალისტებთან პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და მისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრებს.
„მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ასევე ვისაუბრებ საქმის ვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქეილ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, უწმინდესის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.
მამა მიქაელ ბოტკოველმა ასევე დაადასტურა, რომ ახლა სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. მამა მიქაელმა შეკითხვაზე - "დატოვა თუ არა სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობა" პასუხის გაცემა არ ისურვა.