ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მიუხედავად პატრიარქის ჩამობრძანებისა, საპატრიარქოში ,,სიტუაციას კვლავ ყველაზე დიდი დამნაშავე ქალბატონი მართავს“. როგორც მან დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე. წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე განაცხადა, აუცილებელია, “ქალბატონი” ჩამოშორდეს პროცესებს. მიტროპოლიტის მტკიცებით, ,,ეს ქალბატონია“ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი მამა გიორგი მამალაძეს.
,,საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა - ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოცილდეს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და ობიექტრად წარიმართოს. გაკეთებული განცხადებები მამა მიქაელის მიერ და სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც იკვეთება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესებისთვის. თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი”, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.
ბრალდებულის მოსანახულებლად, მიტროპოლიტთან ერთად, ადვოკატებიც შევიდნენ.