დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ.
,,პატრიარქი თავს გრძნობს მხნედ, ჯანმრთელად. დღეს მე დავესწარი პატრიარქთან ერთად მეუფეებთან შეხვედრას, დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან ვითარებაში ვითარდება. მინდა გითხრათ შემდეგი: პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ მეტად მნიშვნელოვან შეკრებას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა დასანახია, თავისთავად კარგი დასანახია, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ. ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სირთულეების თაობაზე. ჩემი აზრით, ამ საუბრის შეჯამება მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს შეჯიბრობითობისა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში. მისი თქმით, მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას.
„ყველა მხარეს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თავისი სიმართლე, სიმართლის ვერსია ამტკიცოს. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს, თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე აკეთონ. დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრაზუმფცია დარღვეულია. მამა გიორგის ადვოკატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზოგადოებას თავისი სიმართლე გააცნოს, რადგან ყველანი ამაზე ვსაუბრობთ.
არ შევდივარ გამოძიების დეტალებში, არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი და არც მოსამართლე, მაგრამ პოლიტიკურად მოგახსენებთ, რომ ეს არაჯანმრთელი სიტუაციაა, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორეს არ აქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.