აფხაზეთში ამჟამად არავინ ყიდულობს სახლებს და არც არავინ აპირებს იქ რუსი მოსახლეობის ჩასახლებას. ყოველივე ეს რუსული პროპაგანდაა და გთხოვთ ნუ წამოეგებით. განაცხადა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ დღეს თბილისში ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
"რუსეთის მოქალაქემ, რომელსაც აქვს სურვილი აფხაზეთში სახლის ყიდვისა ძალიან კარგად იცის, რომ ადრე თუ გვიან მისი დაცლა მოუწევს. ამიტომაც რუსულ პროპაგანდას ძალიანაც ნუ წამოეგებით", _ განაცხადა განაპოლსკიმ და დასძინა, რომ რაც უნდოდა რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში მან უკვე გააკეთა.
"მან ყველა კოზირი გაათამაშა. თუკი ადრე იგი საქართველოს აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით აშანტაჟებდა და ემუქრებოდა ახლა მას უკვე ხელში კოზირი აღარ დარჩა. ახლა უბრალოდ, საქართველო უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ დაიბრუნოს ეს ტერიტორიები საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით", _ აცხადებს განაპოლსკი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებობს ასეთი ანდაზა, რომ ლიდერს იარები ამშვენებს.
"მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ არის ის იარა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ იამაყებს, იმის გამო, რომ იგი ახლა ამაყად აცხადებს რომ ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება სწორედ მან მიიღო", _ აცხადებს მატვეი განაპოლსკი.