„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ენმ მთავარ პროკურორს მიზანმიმართულად არ აფარებს ხელს. დეპუტატი ენმ-ის წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, სანამ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიმე პირის გადადგომა რეალობას არ შეცვლის.
„უდიდესი სიბრიყვეა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე არც ერთი თანამდებობის პირი არ უნდა გადადგეს და არ უნდა დაისაჯოს იმ ქმედებებისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს შოთაძე, რომელმაც დიდი ალბათობით მტკიცებულებები გააყალბა და საზოგადოება შოკში ჩააგდო. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის სიბრიყვე და არა მიზანმიმართული ხელის დაფარება შოთაძეზე. ვთვლი, რომ პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციები და უმრავლესობაც შემოგვიერთდება და ხელს მოაწერს გადადგომის მოთხოვნას,”- აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ‘’მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ დარღვეულა პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და მგძნობიარე საქმეზე პროკურატურამ გამოავლინა უპასუხისმგებლო და უდიერი დამოკიდებულება. ამ ინიციატივას დავუჭერთ მხარს, თუმცა ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი და რომელიმე პირის გადადგომა ან დარჩენა თანამდებობაზე ამ რეალობას არ შეცვლის’’.