"კოალიცია სამართლიანობისთვის" ხელმძღვანელი ვერა ქობალია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის სტატისტიკის თავიდან გადამოწმების ინიციატივით გამოდის.
"ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 252 ათასი დევნილია, ხოლო გაეროს მონაცემებით 292 ათასი. სამი თვის განმავლობაში ვცდილობდი რომელიმე უწყებაში ერთმანეთთან დაახლოებული ციფრები აღმომეჩინა დევნილთა რაოდენობაზე. თუმცა უშედეგოდ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დევნილი მოსახლეობის დათვლა პასპორტების მიხედვით მოხდა და მხოლოდ ისნი აღრიცხეს ვინც ეროვნებით ქართველი იყო. მაგრამ რატომ არ დავითვალეთ ის 30 ათასი ბერძენი, რომელიც აფხაზეთიდან საბერძნეთში გაიყვანეს, ებრაელები, ასევე ძალიან ბევრი აფხაზი, რომელიც აფხაზეთიდან განდევნეს", - განაცხადა ვარა ქობალიამ დღეს მმართველი გუნდის შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.
ქობალიას ინფორმაციით, ომის დაწყებამდე აფხაზეთში 500 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ამ ციფრს თუ დაემატება ის პირები, ვინც რეგიონში ჩაწერის გარეშე ცხოვრობდნენ მათი საერთო რაოდენობა 600 ათასს შეადგენს.
"ამ დროისთვის აფხაზეთში მაქსიმუმ 100 ათასი ადამიანი ცხოვრობდეს. მარტივი არითმეტიკული გამოთვლით კი ვიღებთ, რომ მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილი 500 ათასამდე ადამიანია. აუცილებელია დევნილების რაოდენობასთან დაკავშირებით ეს ციფრები შევაჯეროთ და საბოლოო სტატისტიკა შევიმუშაოთ", - აღნიშნა ვერა ქობალიამ.