პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის ვიდეომიმართვის ჩაწერის დროს, მასთან პალატაში არ იმყოფებოდა. მისი თქმით, იქ იმყოფებოდა რამდენიმე მღვდელმთავარი და სასულიერო პირი.
”მე არ ვიმყოფებოდი კლინიკაში საერთოდ. რამდენიმე მღვდელმთავარი იყო პატრიარქთან, როდესაც ეს ჩანაწერი გაკეთდა. კონკრეტულად არ ვიცი ვინ ჩაიწერა, როგორ გავრცელდა და რატომ გავრცელდა ორ ნაწილად. არა მარტო მეუფეები, მღვდლებიც იყვნენ იმ დროს, იყო ერის ხალხიც. მე არ ვაკონკრეტებ ვინ იყვნენ”, -განაცხადა სოსო ოხანაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ის ცდილობს, პატრიარქს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღნიშნულ საკითხზე საერთოდ არ ესაუბროს.
,,პატრიარქი დაინტერესებულია ამ საქმეს ნათელი მოეფინოს. ძალიან რთული თემაა. აქ ამის გარკვევა ნაკლებად მაინტერესებს”, - განაცხადა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „ობიექტივმა“ გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის სრული ვერსია, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს. მათივე განცხადებით, 16 თებერვალს მედიით გავრცელებული პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟებულია. „ობიექტივის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებებზე. ილია მეორის პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა, ამოჭრილია შემდეგი ნაწილი:
„რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს? - ამბობს პატრიარქი.