დღეს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ სხდომაზე 2010 წლის 30 მაისის თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქები) საბოლოო შედეგები შეაჯამა.
30 მაისის არჩევნების შედეგად: საქართველოს მასშტაბით სულ 3694 საარჩევნო უბანია. არჩევნები გაიმართა ყველა უბანზე და დათვლილია ყველა უბნის საბოლოო შედეგები. თბილისის მერად ამომრჩეველთა 55,2%-ის მიერ არჩეულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი გიორგი უგულავა.
პროპორციული წესით თბილისის საკრებულოში 25 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 52.5% - 14 მანდატი
"ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 17.9% - 5 მანდატი
"გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 12.05% - 3 მანდატი
,,ეროვნული საბჭო" - 8.2% - 2 მანდატი
,,თოფაძე მრეწველები" -6.2% - 1 მანდატი
სამ საარჩევნო ოლქში გამართულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დეპუტატის მანდატი მიიღეს მაჟორიტარობის შემდეგმა კანდიდატებმა:
№7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი
ანდრო ალავიძე- 66.3% ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
№12 გურჯაანისა საარჩევნო ოლქი
გიორგი ჩივიაშვილი - 81% ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
№60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი
გოჩა შანიძე - 76.3% ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ცესკოს მონაცემებით, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1740652 (ამომრჩეველთა 49%-ი) ამომრჩეველმა. თბილისში 981,505 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 457,903 (46.7%).
ამასთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა კენჭისყრის დღის შემდეგ შემოსული საჩივრების განხილვა, სწორედ ამიტომ აჯამებს არჩევნების საბოლოო შედეგებს. ცესკომ განიხილა მხოლოდ ცესკოში შემოსული საჩივრები და თვალყურს ადევნებდა საარჩევნო ოლქში და უბანზე საჩივრების განხილვის პროცესის მიმდინარეობას.