"ლეიბორისტების" აზრით, ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფი ქართული ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებს ხელოვნურად აძვირებენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს აღმაშენებლის გამზირზე, "ავერსისა" და "პე-ეს-პეს" ოფისებთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს.
"ლეიბორისტების" ლიდერების განცხადებით, ამ ორი კომპანიის ხელმძღვანელები ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და მათ ფინანსურ დონორებს წარმოადგენენ. ამასთან, მათივე განცხადებით, აღნიშნული კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს საკუთარი სურვილისამებრ აწესებენ. ამის მაგალითად "ლეიბორისტ" პაატა ჯიბლაძეს ბოლო დროს მედიკამენტებზე ფასების 10%-ით ზრდა მოყავს, რაც მისი თქმით, განპირობებული იყო ლარის კურსის ხელოვნურად დავარდნით, თუმცა ჯიბლაძისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ლარის კურსი ბოლო დღეებში შედარებით გამყარდა, აღნიშნულმა კომპანიებმა მედიკამენტებზე ფასები კვლავ არ დაწიეს.
საპროტესტო აქციაზე "ლეიბორისტებმა" პარლამენტს სპეციალური დადგენილების მიღებისკენ მოუწოდეს, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაწესდება.