საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, განათლების სისტემა თავისით ვერ განვითარდება. მისი თქმით, საქართველოს არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური იურისტები და ეკონომისტები, არამედ ინჟინრებიც სჭირდება, მისივე შეფასებით, საქართველოში ამ მხრივ, კატასტროფული მდგომარეობაა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ბათუმში, უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
"ჩვენ გვეგონა რომ განათლების სისტემა მთავარია მიუშვა და გაათავისუფლო ყვეალნაირი წნეხისგან და პირველ რიგში კორუფციისგან და ის თავისით განვითარდება. ასე არ ხდება არსად, მითუმეტეს განათლების სფეროში. განათლებაში ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გვჭირდება არა ჩვენნაირი იურისტები, ეკონომისტები და ჰუმანიტარული პროფესიის წარმომადგენლები, არამედ პირველ რიგში გვჭირდება ინჟინრები. თუ ინჟინრები არ ეყოლა საქართველოს საქართველო ვერ განვითარდება ჩვენ გვაქვს ამ მხრივ კატასტროფული სიტუაცია ბოლო წლების განმავლობაში. ქართველი ინჟინრები ახლა მონაწილეობენ შვეიცარიაში ექპერიმენტში რომელიც ტარდება დღეს თანამედროვე მსოფლიოში. მათ აქვთ დაპატენტებული და ინოვაციური გამოგონებები და ამ ხალხის გამოყენებით უნდა შევქმნათ ჩვენი წარმატებული ცენტრები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა მათემატიკური სკოლების დახურვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დროზე ვერავინ ახსნა, თუ რატომ დაიხურა ეს სკოლები. პრეზიდენტისვე თქმით, სწორედ ამიტომ ეს სკოლები მისი ბრძანებით აღდგა.
"ჩვენ დღეს გვყავს 1300 სკოლის დირექტორი დაუნიშნავი იმის გამო, რომ ბევრი რაღაცა იყო გაუაზრებელი. ჩვენ დავხურეთ მათემატიკური სკოლები, რომლებიც გავახსნევინე, თუმცა რატომ დავხურეთ ვერავინ ვერ აგვიხსნა. ასევე ვერავინ ახსნა რატომ გავაუქმეთ მათემატიკური ოლიმპიადები", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა 1-ელ კლასელებისთვის პორტატული კომპიუტერების უფასოდ დარიგების ფაქტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არამხოლოდ ინგლისური და კომპიუტერი, არამედ ჩინური თურქული და სხვა ენებიც უნდა ისწავლოს.
"მომავალ წელს 125 ათას კომპიუტერს ვარიგებთ პირველკლასელებისთვის. ეს არის 125 ათას ოჯახში შესული ინგლიუსური. ეს არის 2 ათასი მასწავლებელი, რომელიც ჩამოგვყავს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ინგლისური, არამედ ჩინური, თურქული, ფრანგული, რუსულიც არ უნდა დაგვავიწყდეს და ყველა მიმართულებით უნდა განვვითადეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.