კახეთის რეგიონში 102 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ელექტროენერგიის მიწოდება თელავის და ახმეტის რაიონებს, ასევე გურჯაანის რაიონის ნაწილს გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე შეუწყდა.
რაც შეეხება ლაგოდეხის და ყვარლის რაიონებს, ელექტროენერგია 12 სოფელს არ მიეწოდება, რისი მიზეზიც ადიდებული მდინარეების მიერ ელექტროენერგიის გადამცემი ანძების დაზიანებაა. ამ სოფლებში "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აღდგენით სამუშაოებს მაშინვე დაიწყებს, როგორც კი წყლის დონე დაიკლებს.
სტიქიის შედეგად ენერგოკომპანიას დაახლოებით 100 ათასი ლარის ზიანი მიადგა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის აღუდგება თელავის, ახმეტის და გურჯაანის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება. სახელმწიფო ელექტროსისტემის ტექნიკური ჯგუფი დაზიანებას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.