საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანა აღარასდროს იქნება, ამას კი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გძლიერების ხარჯზე მოახერხებს. მისივე თქმით, საქართველო რეგიონში ყველაზე თანამედროვე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ჩვენ აღარ ვიქნებით პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ჩვენ არ ვიქნებით კორუმპირებული ნომენკლატურის მიერ მართული, რაღაც გარკვეული წარმონაქმნი, რომელიც ისედაც არაფრისგან არ იქნებოდა დაზღვეული. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ რეფორმის შეჩერების ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ დავდექით ამ გზაზე, რომ ვიყოთ პირველი ყველაზე თანამედროვე ქვეყანა ამ რეიგონში. სამ თვეში ბათუმი იქნება ბევრად უკეთესი. ახალ წელს საერთოდ ვეღარ იცნობთ. დღეიდან ეს უკვე იქნება მსოფლიო სასწაული არა მხოლოდ "სი-ენ-ენის" რეპორტაჟებში, არამედ უკვე ყველას ეცოდინება, რომ ეს არის ახალი სასწაული, რომელიც გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.