საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის 5-წლიანი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მთავრობის სახელით პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, ხოლო გაეროს სახელით გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ჯეიმი მაკ გოლდრიკმა მოაწერეს.
გილაურის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანია, რათა სამომავლოდ გაერომ გარკვეული დახმარება გაუწიოს საქართველოს.
"2011-2015 წლებში გაერო საქართველოს 188 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს და აღნიშნული თანხა ძირითადად სამი მიმართულებით დაიხარჯება. ესენია - სიღარიბის შემცირება, დემოკრატიული განვითარება და კატასტროფების რისკის შემცირება", - განაცხადა გილაურმა.
"ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის გაფორმდა ურთიერთობა რომელიც უზრუნველყოფს, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში უფრო ეფექტური და კოორდინირებული გახდეს. "გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობსიათვის" შეესაბამება საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებსა და ათასწლეულის განვითარების მიზნებს. თანამშრომლობის პროგრამა შეიქმნა საქართველოს მთავრობის, გაეროს სააგენტოთა ჯგუფის დონორების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად", - განაცხადა ჯეიმი მაკ გოლდრიკმა.
გაეროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გაერო მიზნად ისახავს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოსა და მისი ხალხის უკეთესი მომავალის მშენებლობაში და მუშაობა წარმართოს შემდეგი მიმართულებით: მზარდი და ინკლუზიური განვითარება. ჯანდაცვის, განათლებისა და აუცილებელ სოციალური მომსახურეობის ხელმისაწვდომობა, დამოუკიდებელი, სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის სისტემებისა და პროცესების ხელშეწყობა.
ასევე მნიშვნელოვან კომპლექსურ საკითხებად არის მიჩნეული კონფლიქტის პრევენცია და კონფლიქტის შემდგომი ვითარების გამოსწორება.