დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა ის წერილები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მოსამართლეებმა გადასცეს და გაირკვა, რომ აღნიშნულ მოსამართლეებზე არანაირი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განუცხადა.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიდიოდა უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლესთან დაკავშირებით ზეწოლაზე საუბარი. გამოთქმული იყო ათასი სპეკულაციური ვარაუდი და საუბარი იყო, რომ მიდიოდა მათზე ზეწოლა. ასევე ასახელებდნენ კონკრეტულ პირებს. დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა ის წერილები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მოსამართლეებმა გადასცეს და გაირკვა, რომ აღნიშნულ მოსამართლეებზე არანაირი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა. სახელდებოდა კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა მოსამართლეებიც დაიკითხნენ და მათაც არ დაუსახელებიათ არც ერთი გვარი და სახელი“, - აღნიშნა მურუსიძემ.
მისივე თქმით, სასამართლო მიდის დამოუკიდებლობისკენ და მოსამართლეებს უნდა მიეცეთ მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება.