ფარული მიყურადება 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, გაზრდილია. ამ ინფორმაციას IDFI უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
2017 წლის 25 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ სრული მონაცემები. აქამდე ხელმისაწვდომი იყო მონაცემები მხოლოდ სექტემბრის ჩათვლით.
მონაცემების მიხედვით, სულ 2016 წლის მანძილზე საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში განხილულია 401 შუამდგომლობა, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 315, ხოლო ნაწილობრივ - 30. შესაბამისად, დაკმაყოფილების წილი წინა წელთან შედარებით ოდნავ გაიზარდა და შეადგინა 86%.
2016 წლის მანძილზე განხილული შუამდგომლობების დაახლოებით ნახევარი მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე - თაღლითობა (70 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 180), გამოძალვა (58 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (57 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 338).
ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში შესული შუამდგომლობების (სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება, ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა კომპიუტერული სისტემიდან და სხვ.) რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი - 77%-დან 92%-მდე გაიზარდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა. რეგიონების მიხედვით პროცენტულად ლიდერობს თეთრიწყარო (42,9%), სენაკი (18%) და გურჯაანი (18%). თბილისში 2016 წელს სატელეფონო მიყურადების წილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში 10,3%-ს შეადგენდა. 2015 წელს სატელეფონო მიყურადების ჯამური წილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში 13,8%-ს შეადგენდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, სატელეფონო მოსმენები 9 პროცენტს შეადგენს, სხვა ფორმით ფარული მიყურადების 90 პროცენტი კი უკონტროლოა.