დღეს, 14 ივნისს, ქართულ ინტერნეტსივრცეში უპრეცედენტო ინტერნეტრეალითი შოუ იღებს სტარტს.
"ფოტომანი 2010"-ის ორგანიზატორები არიან "საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია" და "იფლის ივენთი".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ფოტოკონკურსი ოთხ ეტაპად ტარდება, თითოეულ ეტაპზე კონკურსანტ ფოტოგრაფებს ეძლევათ დავალებები ფოტოგრაფიის სხვადასხვა ჟანრში, ასევე არასავალდებულო დავალებებიც, რაც მათ აუტსაიდერობის შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გადასვლის შანსს აძლევს. ყოველ ეტაპს ეთიშება რამდენიმე მონაწილე.
ფოტოკონკურსი ფოტოპორტალ www.photolife.ws -ზე მიმდინარეობს. საკონკურსო ფოტოებზე ხმების მიცემა ხდება ფოტოებზე ქულების დაწერით და სმს-ებით. მეოთხე ეტაპზე კონკურსანტები დავალებებს პაპარაცის ჟანრში შეასრულებენ. კონკურსის განმავლობაში მონაწილეებს შეეძლებათ საკონკურსო ფოტოების გაყიდვაც.
14 ივნისს, 19 საათზე საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ოფისში (ჭიათურის ქ.17) ფოტომანებისთვის ღია კარის დღე გაიმართება, სადაც მონაწილეები კონკურსის შესახებ დეტალურ პასუხებს მიიღებენ. ამავე შეხვედრაზე გახდება ცნობილი პირველი დავალების თემაც. წელს ფოტოპროექტში 25 კონკურსანტი მონაწილეობს.
"ფოტომანში" გარდა სამი საპრიზო ადგილისა, ცალკე გამოვლინდებიან სმს ლიდერი და ყველაზე ძვირადღირებული ფოტოს ავტორი. პირველი ადგილის მფლობელს ელის ასევე გრან-პრიც. პროექტის სპონსორია კომპანია "ბილაინი".
ინტერნეტ რეალითი შოუ "ფოტომანი" აბსოლუტურად ქართული პროექტია და უკვე მესამედ ტარდება. 2007-2008 წლებში ფოტოპროექტი ფოტოლაიფ-სტუდიოს ინიციატივით წარმატებით განხორციელდა და ფოტოგრაფებში საკმაო პრესტიჟით სარგებლობს.