დღეს, 3 ნოემბერს, საპარლამენტო სესია გაიმართება. პარლამენტი კონსტანტინე გამსახურდიას უფლებამოსილებას ცნობს.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გამსახურდიას შესაბამის ფიცზე ხელმოწერა მოუწევს. ამასთან, მას ევალება საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია წარადგინოს. დეკლარაციის წარდგენისთვის გამსახურდიას მანდატის აღდგენიდან ზუსტად ერთი თვის ვადა ექნება.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდიამ წელიწად-ნახევრის წინ დახეული მანდატის აღდგენის სურვილი რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა. მან პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი შესაბამისი განაცხადი საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩააბარა, რის შემდეგაც საკითხი საპროცედურო კომიტეტმა განიხილა და დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა.